Covid-19
GEO | ENG
მკურნალობა > პაციენტის უფლებები და ვალდებულებები

პაციენტთა გამოჯანმრთელებაზე, კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა „მედიქლაბჯორჯიას“ თანამშრომელთა უმთავრესი ამოცანაა.

თქვენი, როგორც პაციენტის, უფლებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით (კანონები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“), და ასევე, სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ შიდა ბრძანებით „შპს მედიქლაბჯორჯიას პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ“.

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ ამაყობს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების ტრადიციითა და პაციენტისათვის კომფორტული, მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ატმოსფეროს შექმნის გამოცდილებით. ჩვენ ვიცით, რომ აუცილებელია პაციენტისა და სამედიცინო გუნდის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა, რათა მიღწეული იქნას საერთო მიზანი - ეფექტური მომსახურება და მკურნალობის მაქსიმალური შედეგი. იმისათვის, რომ პაციენტმა უკეთ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობის წილი მისივე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ უზრუნვეყოფს პაციენტების გათვითცნობიერებასა და ინფორმირებას მათი პასუხისმგებლობის შესახებ.

ჩვენს სამედიცინო ცენტრში თქვენ, როგორც პაციენტს, გაქვთ უფლება:

  • გაეცნოთ და შეუზღუდავად გამოიყენოთ თქვენი, როგორც პაციენტის, უფლებები;
  • მოითხოვოთ თქვენი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა;
  • მიიღოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიწოდების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
  • ისარგებლოთ სათანადო სამედიცინო მომსახურებით;
  • მოგეპყრონ თავაზიანად და პატივისცემით;
  • გქონდეთ ნათელი და ამომწურავი ინფორმაცია თქვენი დიაგნოზის, დაგეგმილი მკურნალობისა და სამკურნალო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
  • უზრუნველყოფილი იქნეს თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ჩართულობა მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • მიიღოთ ინფორმაცია ჩატარებული სამედიცინო გამოკველევების შედეგების შესახებ, და ასევე, განზრახული სამედიცინო მომსახურების, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის თაობაზე;
  • დაცული იქნეს თქვენს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის კონფიდენციალობა;
  • დაცული იქნეს თქვენს შესახებ არსებული (როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდზე არსებული) სამედიცინო ჩანაწერების კონფიდენციალობა;
  • მიიღოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, სამედიცინო ცენტრი “მედიქლაბჯორჯია“-ს მიერ, პაციენტთათვის დადგენილი ქცევის წესების შესახებ;
  • უარი განაცხადოთ რომელიმე კონკრეტული სახის ან, ზოგადად, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და მიიღოთ სრული ინფორმაცია, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულს;
  • გამოთქვათ უკმაყოფილება ან/და შენიშვნები გაწეული მომსახურების თაობაზე. ნუ იფიქრებთ, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს შემდგომ მკურნალობაზე;
  • ასევე, უფლება გაქვთ მოითხოვოთ წერილობითი პასუხი; მოითხოვოთ, რომ თქვენი ოჯახის წევრი/წარმომადგენელი ინფორმირებული იქნეს „მედიქლაბჯორჯია“-ში თქვენი მოთავსების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თავად ხართ აღნიშნულის წინააღმდეგი;
  • მიიღოთ მომსახურება უსაფრთხო - უხეში მოპყრობისა და ზეწოლისაგან დაცულ გარემოში;
  • გამოიყენოთ ურთიერთობის სხვადასხვა საშუალება, მათ შორის სატელეფონო, ელექტრონული ფოსტა, შეხვედრა ვიზიტორებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თქვენს მკურნალ ექიმს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელს შეუშლის თქვენს მკურნალობასა და გამოჯანმრთელებას;
  • გაეცნოთ თქვენს სამედიცინო ჩანაწერებს;
  • მიიღოთ „მეორე აზრი“ ავადმყოფობის დიაგნოზის, პროგნოზის, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ;
  • მიიღოთ ადექვატური მკურნალობა ტკივილის კონტროლისათვის.

თუ მიგაჩნიათ, რომ დარღვეული იქნა ან შეიძლება დაირღვეს თქვენი უფლებები დარეკეთ პაციენტებთან ურთიერთობის ცხელ ხაზზე, შემდეგ ნომერზე 555.

ჩვენს სამედიცინო ცენტრში თქვენ, როგორც პაციენტს, გაქვთ ვალდებულება:
თქვენი ჯანმრთელობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღწევად, ჩვენი ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ამიტომ, გთხოვთ:

  • მოგვაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია ადრე გადატანილი დაავადებების, ჰოსპიტალიზაციის, მიღებული მედიკამენტებისა და თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
  • ითანამშრომლოთ სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ პერსონალთან, რომელიც თქვენს მომსახურებას ახორციელებს. თავისუფლად დასვათ შეკითხვები, თუ თქვენთვის გაუგებარია მოწოდებული ინფორმაცია ან თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხი;
  • დაეხმაროთ ექიმს, ექთანს და სხვა პერსონალს მოგაწოდონ მომსახურება ინსტრუქციების შესაბამისად. იცოდეთ, რომ თქვენც გეკისრებათ პასუხისმგებლობა თქვენსავე ქმედებებზე, მკურნალობაზე უარის თქმისა ან ექიმის მითითებების დარღვევის შემთხვევაში;
  • გაითვალისწინოთ სხვა პაციენტთა ინტერესები, და ასევე თვალყური ადევნოთ, რომ თქვენი მნახველებიც ითვალისწინებდნენ ამ ინტერესებს. ბევრი მნახველი ან ზედმეტი ხმაური შესაძლოა ძლიერ შემაწუხებელი აღმოჩნდეს სხვა პაციენტისათვის;
  • გამოცხადდეთ ექიმთან დანიშნულ დროს. ხოლო, თუ ვერ ახერხებთ მოსვლას, წინასწარ დარეკოთ „მედიქლაბჯორჯიაში“ და გააფრთხილოთ თქვენი ექიმი;
  • პატივი სცეთ და გაუფრთხილდეთ, როგორც სხვა ადამიანებსა და მათ ქონებას, ასევე „მედიქლაბჯორჯიას“ ქონებას;
  • დაიცვათ „მედიქლაბჯორჯია“-ს მიერ დადგენილი წესები და რეგულაციები, და ასევე, დარწმუნდეთ, რომ თქვენი მნახველებიც იცავენ მათ;
  • მიიღოთ ზომები თქვენი პირადი ნივთების დასაცავად და ითანამშრომლოთ „მედიქლაბჯორჯია“-ს პერსონალთან ამ მიზნით. გთხოვთ, შინ დატოვოთ ძვირფასი ნივთები, ან გაატანოთ ისინი ოჯახის წევრებს.
  • უზრუნველყოთ ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო რეკომენდაციების შესრულება და შეატყობინოთ მას ნებისმიერი ცვლილების შესახებ „მედიქლაბჯორჯია“-დან გაწერის შემდგომ პერიოდში;
  • თუ გაწუხებთ ტკივილი, შეატყობინოთ თქვენს ექთანს ან ექიმს;
  • დროულად გადაიხადოთ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური და უზრუნველყოთ ინფორმაციის მოწოდება სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის პროცესისათვის. თავისუფლად დასვათ შეკითხვები, თქვენი მომსახურების ანგარიშთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • თუ თან გაქვთ საგნები, რომელიც საჭიროებს ელექტროქსელთან მიერთებას გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექთანს, მათი უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად;

თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი როგორც პაციენტის უფლებებთან დაკავშირებით, ან გსურთ ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული საკითხის განმარტება, გთხოვთ დაუკავშირდეთ პაციენტებთან ურთიერთობის ცხელ ხაზს, ნომერზე 555.