უწყვეტი სამედიცინო განათლება ექიმთა და ექთანთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაწილია და ითვალისწინებს პერსონალის მუდმივ სწავლებას, მათი კომპეტენციის შემოწმების ეფექტური სისტემის არსებობას.
2004 წლიდან „მედიქლაბჯორჯიას“ ფარგლებში ფუნქციონირებს სასწავლო რესურს ცენტრი (MCG LRC), რომელიც წელიწადში 150-ზე მეტ ტრენინგს ატარებს სამედიცინო და არასამედიცინო პროფესიონალებისთვის პარტნიორ ორგანიზაციებთან აკრედიტებული სხვადასხვა სასწავლო პროგრამებითა და მოდულებით. დაარსების დღიდან, „მედიქლაბჯორჯიას“ სასწავლო რესურს ცენტრში მომზადება გაიარა 20 000-ზე მეტმა ადამიანმა, შეიქმნა და დაინერგა 50-მდე სხვადასხვა სასწავლო პროგრამა და მოდული.
უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის „მედიქლაბჯორჯიას“ სამედიცინო პერსონალისთვის სასწავლო რესურს ცენტრში სისტემატურად მიმდინარეობს უწყვეტი განათლების პროგრამები, რომელთა მიზანია მათში მონაწილე ექიმების, ექთნების და აკადემიური პერსონალის პროფესიული ცოდნის გაღრმავება, უნარ–ჩვევების შენარჩუნება და გაუმჯობესება.
„მედიქლაბჯორჯიას სასწავლო რესურს ცენტრში“ დანერგილია მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებში აპრობირებული და გამოცდილი სწავლების მეთოდოლოგია: ლექცია-სემინარები, გამდიდრებული აუდიო-ვიდეო და სხვადასხვა სადემონსტრაციო მასალებით; პრაქტიკული მეცადინეობებითა და სიტუაციური სცენარები პაციენტის სიმულატორების გამოყენებით.
მედიქლაბჯორჯიას სასწავლო რესურს ცენტრში სასწავლო პროგრამებს უძღვებიან გამოცდილი ექიმები და პედაგოგები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს აშშ, დსთ და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში.
„მედიქლაბჯორჯიას“ სასწავლო რესურს ცენტრს გააჩნია სწავლებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებადი სალექციო დარბაზები და ოთახები თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისთვის, რომლებიც განთავსებულია 300 კვ.მ-ის ფართობზე. ცენტრში არსებობს მულტიდისციპლინური ლაბორატორია, სადაც სასწავლო მოდულის შესაბამისად ხდება გარემოს იმიტაცია: მარტივი და ზოგადი დანიშნულების პალატიდან მაღალტექნოლოგიური ინტენსიური თერაპიის პალატისა, რეანიმაციის ბოქსის და სამანიპულაციოს ჩათვლით. სასწავლო რესურს ცენტრი აღჭურვილია ტრენინგისთვის აუცილებელი კომპიუტერებით, აუდიო-ვიდეო ტექნიკით, კარდიომონიტორებით, მანეკენებითა და სიმულატორებით.
MCG სასწავლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი - ნანა გულდედავა
MCG სასწავლო რესურს ცენტრის ინსტრუქტორი/ტრენერი - ნინო აგლაძე, მედიცინის დოქტორი.